ჩვენ შესახებ

„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით უკვე მეხუთედ იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.

ფესტივალის სტუმრები ეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, აგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის  ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე იმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

  • 2010-2011 წლებში  ჩატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პურის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) საწარმოო მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გასაღების ჯაჭვის შექმნას. ფესტივალში  მონაწილეობდნენ პურის მცხობლები და საწარმოები, „ელკანას“ წევრი ფერმერები და სოფლად საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელები. ღონისძიებაზე ცალკე სტენდი დაეთმო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. 2010 წელს „პურის ფესტივალს“ 3,000-მდე დამთვალიერებელი ეწვია. 2011 წელს ფესტივალის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. ღონისძიებას 4,000 დამთვალიერებელი სტუმრობდა.
  • 2021 წელს „ელკანას“ ინიციატივას შემოუერთდა სამცხე-ჯავახეთის DMO, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ჩატარდა ფოტოგამოფენა „სამცხე-ჯავახეთი - გვაქვს უთვალავი ფერითა“. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იყო „ნეიშენალ გეოგრაფიკ საქართველოსთან“ ერთად ჩატარებულ ფოტოკონკურსში - Yourshot საქართველოს  (https://yourshot.nationalgeographic.ge) მონაწილე საუკეთესო ფოტოები, აქვე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებიც. 2021 წელს ფესტივალს 6,000 მდე ვიზიტორი ეწვია, რომელთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები და უცხოელი ტურისტები.
  • 2022 წელს „პურის ფესტივალის“ ინიციატივას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შემოუერთდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. პირველად პურის ფესტივალზე გამოცხვა ქართული ენდემური სახეობის - დიკას (Triticum carthlicum Nevsky) პურიც, ასევე მცირე რაოდენობით, სადეგუსტაციოდ გამოცხვა ქართული ენდემური სახეობების ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii  Zhuk.) და მახას (Triticum macha Dekapr & Menabde) პური. ფესტივალის ვიზიტორთა რაოდენობა შენარჩუნდა 6,000 -ის ფარგლებში.

ჩატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პურის საწარმოო მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გასაღების ჯაჭვის შექმნას. დღეს ახალციხის წითელ დოლის პურს გადაშენების საფრთხე არ ემუქრება - ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, ხოლო მისგან გამომცხვარი „დოლის პური“ ბაზარზე მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა საქართველოში ბევრად მეტია შესანარჩუნებელი - მათ შორის ხორბლის 5 უძველესი სახეობა საქართველოს ენდემია:ჩელტა ზანდური - Triticum timopheevii Zhuk.

  • მახა - Triticum macha Men.
  • დიკა -Triticum carthlicum Nevski.
  • ჰექსაპლოიდური ზანდური - Triticum zhukovskyi Men.
  • კოლხური ასლი - Triticum palaeocolchicum Men.


ფესტივალის ორგანიზატორები: 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა 1994 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 2500-ზე მეტ ფერმერს. „ელკანა“ ეწევა სამრჩევლო მომსახურებას და ატარებს ტრენინგ-კურსებს ფერმერთა ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის. 1996 წლიდან „ელკანა“ მუშაობს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვისა და და მდგრადი გამოყენების საკითხებზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 2004 წელს მოაწყო ხეხილისა და მარცვლეული კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობა - „მარცვლეულის კიდობანი“. 2011 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების საკონსერვაციო ფერმაც.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: elkana.org.ge 


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

მერიის მხარდაჭერით ფესტივალზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით.     

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: akhaltsikhe.gov.ge               


სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2019 წელს დააფუძნა რეგიონში არსებულმა ექვსივე მუნიციპალიტეტმა (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის DMO მიზნად ისახავს სფეროში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი აქტივობებია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის დივერსიფიცირება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitsj.ge