პურის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ, იმართება ახალციხეში. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად ტარდება.

ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათი მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა და სხვა  საინტერესო ღონისძიებები.

წინა ღონისძიებების სტატისტიკიდან და მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ დამსწრეთა რიცხვი შენარჩუნდება და კიდევ გაიზრდება. ამ დღისთვის მოწვეული გვყავს პურის მცხობლები, ტრადიციული მესხური კერძების ოსტატები, ადგილობრივი პროდუქტების და ყველის მწარმოებლები. ტრადიციული პროდუქტისა და სამზარეულოს სივრცეში ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები და საწარმოები წარმოადგენენ 50-მდე ადგილობრივ პროდუქტს. მათ შორის ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარ მესხურ ქადას, შოთსა და სომინს,  ტენილ ყველს, კამეჩის მაწონს, ასევე  ყველს, აპოხტს, თუთის ნაწარმს, თაფლს, ღვინოს, ქვევრის ლუდს და სხვ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ხალხური რეწვის ოსტატები, მსახიობები, მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლები რეგიონიდან და თბილისიდან. ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა. ფესტივალი ერთმანეთს შეახვედრებს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებს და მომხმარებლებს. ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.


ინფორმაცია მონაწილეთათვის

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, რომლებსაც მოჰყავთ და/ან პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ხორბლს, აცხობენ ტრადიციულ პურს, აწარმოებენ და ყიდიან ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტს, მეურნეებს, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნეს ურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.

თუ გსურთ გახდეთ ღონისძიების მონაწილე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ლინკი  - სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეთათვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭებათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს.

რეგისტრაციის ვადა: 10.10.2023

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: breadfestival@elkana.org.ge


ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 ოქტომბერს; დასაწყისი 13:00 საათზე.

მისამართი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. 1.