საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა

არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას, სულ მცირე, 8000-წლოვანი ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორია თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხორბალი გამოირჩევა. საქართლოში აღწერილია ხორბლის ხუთი ენდემური სახეობა: ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii Zhuk.), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum Menabde), მახა (Triticum macha Dekapr. & Menabde), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan) და დიკა (Triticum carthlicum Nevski).  

 

„ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა - „მარცვლეულის კიდობანი“

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა 1996 წლიდან. „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი შეკრების, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელებისა და მოკლე თანამშრომლობითი ღირებულებათა ჯაჭვების შექმნისა და ხელშეწყობის გზით. სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, რომლის საერთო ფართობია 4.8ჰა და რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ წნისში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. სამცხე-ჯავახეთი შემთხვევით არ შერჩეულა - იგი  ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

 

საქმიანობების აღწერა

„მარცვლეულის კიდობანში“ ითესება და მრავლდება მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, გაშენებულია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე. ყველა კულტურის მოყვანა მხოლოდ ბიომეთოდებისა და ბიოსაშუალებების გამოყენებით ხდება.

აქ მოსულ სტუმრებს, ფერმერებს, სტუდენტებს, ტურისტებს, დაინტერესებულ პირებს  საშუალება ეძლევათ საკუთარი თვალით იხილონ ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის - ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii Zhuk.), კოლხური ასლის (Triticum palaeocolchicum Menabde), მახას (Triticum macha Dekapr & Menabde), ჰექსაპლოიდური ზანდურის (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan) და დიკას (Triticum carthlicum Nevski.), აბორიგენული ჯიშის ახალციხის (მესხური) წითელი დოლის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) და სხვათა  როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები. ეს ხორბლები ოდითგანვე ითესებოდა საქართველოში და მათი ფქვილისაგან გემრიელ, სურნელოვან  და ყუათიან პურს აცხობდნენ.  

საქართველოში საუკუნეების მანძილზე გავრცელებული პარკოსანი კულტურები, რომლებიც ლობიომ ჩაანაცვლა, სწორედ „მარცვლეულის კიდობანში“ იქნა აღდგენილი და გამრავლებული. აქ ითესება და მრავლდება მუხუდო (Cicer arietinum L.), ცერცვი (Vicia faba L.), ცულისპირა (Lathyrus sativus L.), ოსპი (Lens culinaris Medic), ძაძა (Vigna unguiculata L. Walp.), რომელთა კერძების მომზადებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქ ნახავთ საზეთე კულტურას - სელს (Linum usitatissimum L.), რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საუკუნეების მანძილზე დიდი რაოდენობით ითესებოდა და გამოიყენებოდა, დღეს კი გადაშენების პირას არის მისული, ასევე ღომს (Setaria italica (L) Beaur), რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითად პურეულს წარმოადგენდა სიმინდის შემოსვლამდე, დღეისათვის კი სიმინდმა თითქმის სრულად განდევნა.

„მარცვლეულის კიდობანის“ ნაკვეთზე გაშენებულია ასევე ხეხილის ბაღი, რომელშიც წარმოდგენილია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშები, კერძოდ ვაშლის ჯიშები თურაშაული, აბილაური, რძევაშლი, ერბოვაშლი, მსუქანა, რაკრაკა, შაქარნაბადა, მზის სხივი, ხვინწა, თათენა და სხვა, მსხლის ჯიშები სოსელო, ინჟირა, ნენე მსხალი, წითელგვერდა, ზამთრის გულაბი და სხვა. ეს ჯიშები, ერთეული ხეების სახით, ჯერ კიდევ შემორჩენილია სამცხე-ჯავახეთის ძირძველ სოფლებში, ადგილობრივი ოჯახების მეურნეობებში.