„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეექვსედ, იმართება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა, ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.
ფესტივალის სტუმრები ეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, აგემოვნებენ მათგან როგორც ადგილზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებში და ადგილობრივ საცხობებში გამომცხვარ პურს, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს და ადგილობრივ პროდუქტებს. ფესტივალზე იმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.
ღონისძიების ცნობადობა და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ პურის მცხობლები, ტრადიციული მესხური კერძების ოსტატები, ადგილობრივი პროდუქტების და ყველის მწარმოებლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, მონაწილეობენ ასევე საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსული სხვადასხვა ტრადიციული პროდუქტის მწარმობლებიც. ღონისძიებას სტუმრობენ როგორც რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე დამთვალიერებლები საქართველოს სხვა კთხეებიან, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მედიის წარმომადგენლები, ტუროპერატორები, უცხოელი ტურისტები და სხვ.
-
2010-2011 წლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ხორბლის ადგილობრივი ჯიშის - ახალციხის (მესხური) წითელი დოლის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) საწარმოო მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გასაღების ჯაჭვის შექმნას. ფესტივალში მონაწილეობდნენ პურის მცხობლები და საწარმოები, „ელკანას“ წევრი ფერმერები და სოფლად საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელები. ღონისძიებაზე ცალკე სტენდი დაეთმო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. 2010 წელს „პურის ფესტივალს“ 3,000-მდე დამთვალიერებელი ეწვია. 2011 წელს ფესტივალის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. გაიზარდა ღონისძიების დამთვალიერებელი რიცხვი 4,000-მდე.
-
2021 წელს „ელკანას“ ინიციატივას შემოუერთდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO), ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ჩატარდა ფოტოგამოფენა „სამცხე-ჯავახეთი - გვაქვს უთვალავი ფერითა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო „ნეიშენალ გეოგრაფიკ საქართველოსთან“ ერთად ჩატარებულ ფოტოკონკურსში - Yourshot საქართველოს (https://yourshot.nationalgeographic.ge) მონაწილე საუკეთესო ფოტოები, აქვე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებიც. 2021 წელს ფესტივალს 6,000 მდე ვიზიტორი ეწვია, რომელთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები და უცხოელი ტურისტები.
-
2022 და 2023 წლებში „პურის ფესტივალის“ ინიციატივას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შემოუერთდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა. პირველად პურის ფესტივალზე გამოცხვა ხორბლის ენდემური სახეობის - დიკას (Triticum carthlicum Nevsky) პურიც, ასევე მცირე რაოდენობით, სადეგუსტაციოდ გამოცხვა ენდემური სახეობების ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii Zhuk.) და მახას (Triticum macha Dekapr & Menabde) პური.
ჩატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პურის საწარმოო მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გასაღების ჯაჭვის შექმნას. დღეს ახალციხის წითელ დოლის პურს გადაშენების საფრთხე არ ემუქრება - ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, ხოლო მისგან გამომცხვარი პური ბაზარზე მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა საქართველოში ბევრად მეტია შესანარჩუნებელი - მათ შორის ხორბლის ხუთი ენდემური სახეობა:
-
ჩელტა ზანდური - Triticum timopheevii Zhuk.
-
მახა - Triticum macha Dekapr & Menabde
-
დიკა -Triticum carthlicum Nevski.
-
ჰექსაპლოიდური ზანდური - Triticum zhukovskyi Menabde
-
კოლხური ასლი - Triticum palaeocolchicum Menabde
ფესტივალის ორგანიზატორები:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა 1994 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით. დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 2500-ზე მეტ ფერმერს. „ელკანა“ ეწევა სამრჩევლო მომსახურებას და ატარებს ტრენინგ-კურსებს ფერმერთა ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა 1996 წლიდან. „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი შეკრების, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელებისა და მოკლე თანამშრომლობითი ღირებულებათა ჯაჭვების შექმნისა და ხელშეწყობის გზით. სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ წნისში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. სამცხე-ჯავახეთი შემთხვევით არ შერჩეულა - იგი ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. 2011 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასევე ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების საკონსერვაციო ფერმაც.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ელკანას“ ვებ გვერდს: elkana.org.ge
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფესტივალზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ასევე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.akhaltsikhe.gov.ge
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2019 წელს დააფუძნა რეგიონში არსებულმა ექვსივე მუნიციპალიტეტმა (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის DMO მიზნად ისახავს სფეროში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი აქტივობებია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის დივერსიფიცირება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitsj.ge